ACTOR - ზურა ყიფშიძე

„ჩემს ცოლს სიყვარულს ახლაც ვუხსნი და ვერ იგებს, ახლა რატომ მიყვარს. ჰგონია ვატყუებ და მე ეს მწყინს“ − ეს სიტყვები 65 წლის მსახიობ ზურა ყიფშიძეს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ იგი მთავარ რომანად მაინც თეატრსა და კინოს მიიჩნევს, ამ ასაკშიც კი არ ბეზრდება ცოლისთვის სიყვარულის ახსნა.

მიუხედავად ასაკისა, მიაჩნია, რომ შინაგანად მაინც ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო. უბრალოდ, ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვს და წარმატებისთვის მეტსაც გააკეთებდა. როგორც ამბობს, ცხოვრებაში ბევრი რამ გადააფასა, შეცდომებიც ბევრი იპოვა, თუმცა საკუთარი წარსულითა და ცხოვრებით საერთო ჯამში კმაყოფილია.

ბატონო ზურა, მინდა 65 წლის ასაკში გაიხსენოთ პერიოდი, როცა კარიერას იწყებდით.

კარგი რამ მკითხეთ, რადგან ამაზე მიფიქრია. თუმცა როგორ არის, იცით? როცა გეკითხებიან, მაშინ უფრო გახსენდება. რაღაც ბავშვივით ამჩატებული მგონია თავი. შვილიც მეუბნება, არ ჰგავხარ 65 წლის კაცსო. ბუნებრივად როგორც გამომდის, ისე ვიქცევი. კარიერის დასაწყისს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან შეხედავ. პროფესია 13 წლიდან დავიწყე, ბავშვობა უცებ „მაცი ხვიტიაში“ გადავიდა, მერე იყო „წუთისოფელი“. ყველაფერი ცხენოსნობიდან დაიწყო, ცხენოსნობაში ვვარჯიშობდი. კინოდან იქ მოვიდნენ, პატარა ბიჭს ეძებდნენ − დუბლიორს. ფოტო გადამიღეს, არც იცოდნენ ვისი შვილი ვიყავი. სხვათა შორის, ჯგუფში ყველაზე პატარა გახლდით, „სპიჩკას“ მეძახდნენ... როცა „წუთისოფელში“ მათამაშეს, პირველ კურსზე ვიყავი. ამის გამო ინსტიტუტიდანაც გამაგდეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“. ამის გამოც გამაგდეს ინსტიტუტიდან. ორჯერ გამაგდეს და ორჯერვე კინოს, ანუ ქცევის გამო. დედას გეფიცებით, ახლა ეს ყველაფერი ზღაპარივით მახსენდება. მაშინ თავისთავად ხდებოდა ეს − კარგი იყო თუ ცუდი, ვერ ვაფასებდით. ახლა რომ ვუყურებ, ყველაფერი ძალიან უბრალო გახლდათ და ამ დროს, ძალიან გაპრანჭულიც იმ მხრივ, რომ ბევრი წინააღმდეგობა, აკრძალვა გვქონდა. დრო იყო რაღაცნაირი. მაშინ ფული არ გაგვაჩნდა, მაგრამ არც გვჭირდებოდა. ფულზე საუბარიც კი უხერხულობას ქმნიდა. ახლა უკვე ბავშვებსაც თავიდანვე ასწავლიან, რომ მთავარი ფულია.

რთულად მოვიდა თქვენთან წარმატება?

ალბათ, არაფერი იყო რთული, რადგან არაფერს არ ვამკვიდრებდი, არაფერი მქონია დაგეგმილი − რომ ამას ის მოჰყვება, მერე ამას გავაკეთებ და ა.შ. იყო ცხოვრება, რომელსაც მივყვებოდი, იყო ბავშვობა, რომელიც არ ჩერდებოდა, არ მთავრდებოდა. მერე ეს ყველაფერი კინოში გადავიდა. ოჯახში ყველა ფიზიკოსი მყავდა, იყვნენ მწერლობასა და ლიტერატურაში ჩაბმულები. ერთადერთი, დედაჩემი იყო, რომელიც მსახიობი გახდა. ბოლოსდაბოლოს, ჩავაბარე გამოცდები თეატრალურში. მაშინ არავინ ფიქრობდა კარიერაზე, თავისთავად ხდებოდა რაღაცები. არაჩვეულებრივი იყო ბავშვობა, ახალგაზრდობა, და სტუდენტობა ხომ საერთოდ, სასწაული იყო.

რადგან წარმატება მცირე ასაკში მოვიდა, მოჰყვა ამას თქვენგან თავმომწონეობა?

ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც მე მიცნობს. ალბათ, ვიპრანჭებოდი. ეს ჩვეულებრივი საქმიანობაა. თუ მე მომწონს თქვენი საქმე და თქვენ ჩემი, ეს უკვე კარგია. თუ რამე არ მოგწონთ, უნდა თქვათ. კინოში ჩემი არაფერი მომწონს, რამდენიმე რამის გარდა.

წარმატებასთან, კარიერასთან ერთად, რთული იყო ოჯახის შეთავსება?

რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ არაფერი მახსენდება ტრაგიკულად, არც ისეთი შეგრძნება მქონია, რომ რაღაც ავიკიდე. ახლა უფრო მაქვს ყველაფერი აკიდებული, ვიდრე მაშინ. თეატრის გახსნა, პირველი როლი თეატრში და დაოჯახებაც − ყველაფერი ერთად მოხდა. 24 წლის ვიყავი, როცა ცოლი მოვიყვანე.

მეუღლეს რა როლი მიუძღვის ამ ურთიერთობის შენარჩუნებაში? თქვენი რეჟიმის გაძლება, ალბათ, მარტივი არ იქნებოდა.

დიდი არაფერი. პატარა გოგო იყო, უბრალოდ, ძალიან მიყვარდა. სწორ შენიშვნებს მაძლევდა. ზოგს ვითვალისწინებდი, ზოგს − არა. ახლა რომ ვუფიქრდები, ბევრი რამ არ დავუჯერე, არადა უნდა დამეჯერებინა.

შვილებმა რა შეცვალეს თქვენს ცხოვრებაში?

ვერ გეტყვით, ბავშვი გაჩნდა და სულ სხვა გავხდი-მეთქი. ეს ტყუილი იქნება. გიჟურ ცხოვრებას ვაგრძელებდი, მუდამ დავქროდი. ბავშვი საოცარი რამეა.

ამას ახლა ხვდებით, თუ მაშინაც ხვდებოდით?

არა, მაშინ ნამდვილად ვერ ვხვდებოდი. დიდ სიხარულს ვგრძნობდი, მაგრამ ეს რას ნიშნავდა, გაანალიზებული არ მქონდა. აი, შვილიშვილები აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს. შვილიშვილებმა შემიცვალეს ჩემი შეგრძნებები შვილების მიმართ. მათ სულ სხვა რაღაც დამანახეს, მათ შორის − საშინელი შეცდომები, შვილებს არასწორად რომ ექცევი და მისგან სწორს რომ ითხოვ. მამობა თავიდანვე არასწორად წავიდა. მამამ შვილებთან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს გარკვეული დისტანცია. არ შეიძლება მამა აითქვიფოს, მერე ვერაფრით გამოასწორებ რაღაცებს. ჩემს შემთხვევაში რაღაცების გაფუჭება დრომ გამოასწორა. ახლანდელი ჩემი ურთიერთობა შვილებთან უფრო გულწრფელია. ახლა ვიცი რა არის სწორი, რომ ეს ვუთხრა.

ცხოვრების წესშიც შეცვლიდით რამეს?

უამრავ რამეს. სიგარეტს ნამდვილად არ მოვწევდი. 50 წელია ვეწევი და დამახრჩო, მაგრამ მიყვარს და ვეწევი, რა ვქნა?.. ბებიაჩემის და დეიდაჩემის გადამკიდე, კიდევ კარგი, რაღაც წაკითხული მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ცოტაა. მავნე ჩვევებს შევცვლიდი, იმდენს არ დავლევდი, იმდენს არ „ვიკაიფებდი“, რაღაცებს არ ვიზამდი; ერთ 5 ენას მაინც ვისწავლიდი, ცურვას თავს არ გავანებებდი...

თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში მოგიწიათ ყოფნა. გიფიქრიათ ოდესმე იქ დარჩენასა და ცხოვრებაზე?

არა, უფრო სწორად, მიფიქრია, მაგრამ ვერ წარმომედგინა და არ მომდომებია. მე „მევასება“ ის, სადაც გავჩნდი. გენიალურ მიწაზე გავჩნდი, გადასარევ, ნიჭიერ ხალხში. რა ჭირი გვჭირს და რა უბედურება, ეს სხვა თემაა. მიყვარს სტუმარი და სტუმრად სიარული. მე მგონი, უნდა იცხოვრო იქ, სადაც გინდა და გაჩნდი. მე აქ გავჩნდი და აქ მინდა ცხოვრება. შესაძლოა სხვაგან კარგად იცხოვრო, მაგრამ წამიერია ყველაფერი.

65 წლის ხართ. ახლა, ამ ასაკში, როგორი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში

ისე აღარ ვარ, როგორც მანამდე − ვიღლები, თან იხტიბარს არ ვიტეხ. ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ შიგნიდან ისევ ისეთი ვარ. უბრალოდ ხორცი, ძვლები და რაღაცები მტკივა. დიდი ბრძენი ვერასოდეს გახდები, მაგრამ რასაც უმეტეს შემთხვევაში დაბრძენებაში გულისხმობენ, ეს ნამდვილად დიდი ხანია მოვიდა.