„რაც არ უნდა საუკეთესო იყოს ძიძა, იმდენს მაინც ვერ მისცემს, რამდენსაც საბავშვო ბაღი“

„რაც არ უნდა საუკეთესო იყოსძიძა, იმდენს მაინც ვერ მისცემს, რამდენსაც საბავშვო ბაღი“

ნანა მეურიშვილიფსიქოლოგ-ლოგოპედია და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან მუშაობს. დღეს ყურადღებას ბავშვებზე გავამახვილებთ და ქალბატონი ნანა HImagazine-ს მოუყვება თუ რა ასაკიდან უნდა გავუშვათ ბავშვი ბაღში, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რათა დროულად მივხვდეთ აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების პრობლემა და საჭიროებს თუ არა ის სპეციალისტის ჩარევას.

- ქალბატონო ნანა, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მშობელმა, რათა დროულად მიხვდეს რომ ბავშვს ფსიქოლოგ-ლოგოპედის ჩარევა სჭირდება?

- თითიეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, მაგრამ არის პარამეტრები, რისი საშუალებითაც მშობელს შეუძლია მიხვდეს განვითარება სწორად მიდის თუ არა. დაახლოებით ორი წლის ასაკში ბავშვი ხმოვანს და თანხმოვანს უნდა ამბობდეს, ასევე გარკვეულ სიტყვებს, რომელიც ყოველდღიურ ხმარებაში სჭირდება, მაგალითად, დედა, მამა, ბებია და ა.შ. თუ ამ ასაკში ამას ვერ აკეთებს, ე.ი. იქ რაღაც დარღვევაა და აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. სამ წლამდე შესაძლებელია იყოს ჩლიფინი, მაგალითად, როცა ს-ს და შ-ს ვერ წარმოთქვამსბავშვი, მაგრამ ეს არ არის განსაკუთრებულად საგანგაშო, მაგრამ 3-4 წლის შემდეგ უკვე არ უნდა ჩლიფინებდეს, სწრაფად არ უნდა საუბრობდეს. ასევე, თუ ბავშვს ლოგონერვოზი აქვს, ორი წლის ასაკში ფიქსირდება. რაც უფრო ადრე მიმართავენ მშობლები სპეციალისტს, მით უფრო სწრაფად გამოსწორდება პრობლემა.

- ხშირია შემთხვევები, როცა ამეტყველებამდე ბავშვები ღიზიანდებიან იმის გამო, რომ ვერ გადმოსცემენ სათქმელს, მშობელი კი ვერ ხვდება მათ სურვილს, ამ შემთხვევაში რას ურჩევთ მათ?

- ყველა მშობელს უნდა ბავშვმა მალე დაიწყოს საუბარი, მაგრამ მისი შენიშვნა ბავშვის მიმართ, მოდი ეს გაიმეორე, არცერთ შემთხვევაში არ მუშაობს. მშობელი ბავშვს პირველ რიგში უნდა მიუდგეს თამაშით, მაგალითად, ცხოველებით, რომელი როგორ ხმას გამოსცემს, ვამღეროთ, ვეთამაშოთ ხმოვნებით და ბავშვი მიმბაძველობით აუცილებლად გაიმეორებს. ასევე მნიშვნელოვანია მშობლის ინტონაცია, თუ როგორ გადასცემს ბავშვს, კითხვაც და პასუხიც სწორი ინტონაციით უნდა გადმოიცეს, რათა ბავშვმა სწორად აღიქვას.

- ბავშვის გამართული მეტყველება არის თუ არა მშობლის მეტყველებაზე დამოკიდებული?

- რა თქმა უნდა კი. პირველ რიგში მშობელი უნდა საუბრობდეს გამართულად, მკაფიოდ. პატარას ზღაპრებს, ლექსებს როცა უკითხავს, ეს უნდა მოხდეს ემოციურად, რათა ბავშვისთვის საინტერესო იყოს და მოუსმინოს. ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ მეტყველებს, მაგრამ ყველა ახალი სიტყვა თამაშ-თამაშით უნდა იქნას შეთავაზებული. მეტყველების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წვრილ მოტორიკას, ხელებით თამაშს. ელემენტარული ნეკი-ნეკისაც კი ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის მეტყველებაზე. მშობელმა ყველაფერი ეტაპობრივად, თამაშით უნდა ასწავლოს, სუნთქვა, ბგერების თამაში, მაგალითად სუნთქვისთვის კარგია ასანთის ათება-ჩაქრობით თამაში. ხშირად ბავშვი თვითონ ვერ არჩევს ს-ს და შ-ს, ამიტომ მშობელი უნდა დაეხმაროს და მკაფიოდ წარმოთქვას თითოეული ბგერა. ამ ყველაფერს იმახსოვრებს ბავში და იმეორებს. ახლა ისეთი დრო მოვიდა, ყველას ძიძა ჰყავს აყვანილი, აიტომ ნებისმიერმა მშობელმა ყურადღება მარტო იმას კიარ უნდა მიაქციოს, თუ როგორ უვლის ის ბავშვს, არამედ აუცილებელი ძიძა შეირჩეს სწორი მეტყველებით. ყველაზე უშუალო კონტაქტი ამ შემთხვევაში ბავშვს ძიძასთან აქვს და თუ მას დამახინჯებული მეტყველება აქვს, ბავშვიც სწორედ ამას ისრუტავს.

- ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები მეტყველებას იმ ენაზე იწყებენ, რაზეც მულტფილმებს უყურებენ, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი ბავშვებში?

- ძალიან პრობლემურია. მე ახლა კერძო ბაღებშიც ვმუშაობ და  კომპიუტერი ძალიან აზიანებსნერვიულ სისტემას, შეიძლება შეძენილი აუტიზმიც დავარქვათ, როცა ბავშვი კომპიუტერზე ხდება დამოკიდებული. ქართულ ბგერებს თითქმის ვერ აღიქვამენ მშობლისგან. ჩემი რჩევაა, მშობლებმა გაითვალისწინონ ის, რომ კომპიუტერში უამრავი შემეცნებით თამაშია და ეცადოთ ბავშვი ამ თამაშებს მიაჩვიონ და არა იმას, რასაც თვითონ ირჩევენ. განათლების სამინისტროს პროგრამებშიც არაჩვეულებრივი შემეცნებითი პროგრამებია, რომელიც მეტყველების განვითარებას უწყობს ხელს. თუ ბავშვი დაინტერესებულია კომპიუტერით, მე არ ვარ 21-ე საუკუნეში ამის წინააღმდეგი, თუმცა სწორად უნდა იქნას შერჩეული პროგრამა და კომპიუტერთან ყოფნის დრო მკაცრად უნდა განისაზღვროს. ხშირად მშობელი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება და კომპიუტერთან მყოფი შვილის სიწყნარით ისვენებს, მაგრამ ეს სამომავლოდ ცუდ შედეგს გამოიღებს.

- რამდენი ხანი შეიძლება ბავშვემა კომპიუტერთან გაატაროს, ისე რომ ამან ცუდი შედეგი არ გამოიღოს?

- სკოლამდელ ასაკს თუ ავიღებთ, ერთი საათი უნდა იყოს მაქსიმუმი, სკოლის ასაკში კი მაქსიმუმ სამი საათი. ასევე აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს რითი ერთობა ბავშვი, უნდა გამოირიცხოს აგრესიული თამაშები, რომელიც ხშირად ცხოვრებაში გადმოაქვთ და მათ ქცევებზე მოქმედებს. მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული იმაში, რითაც მისი შვილია დაკავებული.

- რა ასაკშია ბავშვის ბაღში მიყვანა რეკომენდირებული და აზიანებს თუ არა ბავშვის ფსიქიკას მეტყველების დაწყებამდე ბაღი?

- არ არის პრობლემა, პირიქით, ადაპტაცია უკეთესია. ორი-სამი კვირა ყველა ბავშვს უჭირს, არა მარტო მათ, ვინც ვერ მეტყველებს, არამედ იმათაც, ვინც მეტყველებს. ბავშვები, რომელბიც ვერ მეტყველებენ, ბაღში ყველანაირ აქტივობას აკვირდებიან, თვითონ არ არიან ჩართული, მაგრამ ორი კვირის შემდეგ, ბუნებრივად ხდება ჩართვა, დაძალებაც კი არ არის საჭირო. ყველა მშობელს ვურჩევ, რომ ბაღში მიიყვანონ ბავშვები. რაც არ უნდა სპეციალისტთან ატაროს, კომინიკაცია ყველაზე საუკეთესოა. რა თქმა უნდა ბაღიც უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული, ამ მხრივ სახელმწიფო ბაღები ძალიან კარგადაა გადამზადებული. 2 წლიდან ყველა მშობელს ვურჩევ გაუშვან ბაღში, ეს საუკეთესო ასაკია.

- და ბოლოს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ძიძა თუ ბაღი?

- მე რა თქმა უნდა რეკომენდაციას ვუწევ ბაღს, რომელიც ბავშვს როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად ავითარებს. რაც არ უნდა საუკეთესო ძიძა იყოს, იმდენს მაინც ვერ მისცემს, რამდენსაც საბავშვო ბაღი.