„ძალიან ბევრჯერ გადავუგდივართ, ბევრჯერ ფულიც არ მოუციათ, მაგრამ არ დავნებდი“ - გზა წარმატებულ ივენთ კომპანიამდე

ლევან მდინარაძე - იგივე „რემბო“ - ასე იცნობს მას საზოგადოება. ზოგისთვის მუსიკასთან ასოცირდება, ზოგისთვის სტალონესთან (დანახვამდე), რეალურად კი დღეს საკმაოდ წარმატებული ივეთ-მენეჯერია. ყველაფერი რაც აქვს, დაუზოგავი შრომით ნულიდან შექმნა და დღეს ამით ამაყობს. მიიჩნევს, რომ მთავარი მიზანი და ამ მიზნისკენ შეუჩერებლად სიარულია. ყველაზე დიდი მონაპოვარი ოჯახია, მთავარი სტატუსი - „მაშოს მამა“, უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესს და არ ამხელს ასაკს J. რა გზა გაიარა და როგორ მოვიდა დღემდე, HImagazine-ს ლევან მდინარაძე მოუყვება.

-         პირველ რიგში მოგვიყევი ვინ ხარ და როგორ მოხვედი აქამდე?

 

-         აქამდე ძალიან ბევრი შრომით მოვედი, სრულიად ნულიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც კომოიუტერი მქონდა, არც მობილური. დავიწყე სტუდენტობის დროს, ვმუშაობდი და დღეში 10 ლარს მიხდიდნენ, ეს იყო 2004 წელს, მაშინ ვისწავლე (დჯ) მიქსინგი. ორგანიზების ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, ექსკურსიებს და მსგავს რამეებს ვაკეთებდი. მუსიკა კი ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო - ჰიპ-ჰოპი, რეპი, ამაზე ვარ გაზრდილი. ორგანიზებიდან პარალელურად სულ ვწერდი რაღაცეებს. პირველი შეხება კლუბთან 2007 წელს მომიწია. Face-კონტროლად დავიწყე მუშაობა, საკმაოდ ვირული სამუშაო იყო, მაგრამ როცა არ მქონდა საშუალება ტექნიკური აპარატურა მქონოდა, კლუბში ან გვიან მივდიოდი, ან ადრე, რომ მევარჯიშა. ისე არ ხდება, ორ თვეში ისწავლო და მესამე თვეს თქვა რომ დიჯეი ხარ, საკმაოდ დიდი შრომა უნდა. 2005 წელს, დიჯეი სკოლის მოსწავლეები დავიხმარე და გავაკეთეთ პირველი ივენთი, მართალია ზარალში წავედი, მაგრამ მომგებიანი იყო იმ კუთხით, რომ გამოცდილება მივიღე. შემდეგ ერთ-ერთ ბანკში გაყიდვებში ვმუშაობდი, 2009 წლიდან ისე მოხდა, რომ უმუშევარი დავრჩი და დავფიქრდი რა მექნა. გადავწყვიტე დამეწყო „რემბოს ივენთები“. ზუსტად ერთ წელიწადში საკმაოდ პოპულარული გავხდი, ჩემი სიტყვა ვთქვი. 2012 წლიდან ოფიციალურად მაქვს ივენთ კომპანია. დღეს მყავს 10-მდე თანამშრომელი, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. ვმუშაობ როგორც დიჯეი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარ კერძო სექტორში. ვმუშაობ ძალიან ბევრ პროექტზე, რომელშიც არ ვჩანვარ. ასევე ვარ ივენთმენეჯერი და ამაზეც მოთხოვნა დიდია. ჩემი მიზანია ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომსახურების სერვისი შევქმნა.

-         მაქვს ის პლიუსი,რომ ჩემზე კარგად ვერავინ ახერხებს სტუმრების გართობას J

- რამდენად დიდი იყო დასაწყისში კონკურენცია და როგორ მიგიღო საზოგადოებამ?

- ძალიან რთული იყო. 2009 წელს, როცა პირველი ივენთი გავაკეთე, ეს იყო ბით-ჰიპ-ჰოპ ფართი. როცა კლუბის დასაქირავებლად მივედი, რომლის მეპატრონესაც ვიცნობდი, უარი მითხრა, შენ მე არ გიცნობო, როგორც დიჯეისო, რა სახელი უნდა დავაწეროთ შენს ივენსო, რომ ვუთხარი დიჯეი რემბო-თქო, მაგრად გაეცინა. რემბო ძალიან არასერიოზულიაო, ძალიან მეწყინა. რთულია, როცა რაღაცას სერიოზულად უყურებ და ვიღაც დაგცინის. გულში გავიფიქრე, ცოტა ხანში დედას გიტირებთ-თქო და წამოვედი. წავედი ვიქირავე სხვა კლუბი. პირველი ივენთი კომერციული იყო, ნაკლები შემოსავლით, მაგრამ ამაზე არ მქონია გათვლა. საკმაოდ გემოვნებიანი ხალხი დადიოდა. მაშინ „მაისფეისი“ იყო და პირველ პოსტერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა - კლუბი გაივსო. თბილისშიც მალევე გახმაურდა - „რემბოს ივენთზე იმდენი ხალხი იყო, სხვა კლუბები ცარიელი იყოო“. ნუ ამის გახმაურება ძალიან ადვილი იყო, ერთ კვირაში კი დამირეკეს იმ კლუბიდან, სადაც პირველად მივედი. ახლა უკვე ჩემი პირობებით მივედი და პროცენტიც ავწიე. მერე გავაკეთე ბიგ-ჰიპ-ჰოპ ფართი, ვიქირავე ფოტოგრაფი, face-კონტროლი, ბუღალტერი, პრომო გოგონები, ჩაცმაზე თვითონ ვიზრუნე და პრომოუშენიც მე თვითონ გავიკეთე. მე თვითონ ვურეკავდი ნაცნობებს და ვაგებინებდი რომ ვაკეთებდი ივენთს. თავიდან მარტო ხუთშაბათობით მომცეს უფლება. მერე შაბათი და პარასკევიც დამიმატეს.

მერე მოვიდა ბათუმის სეზონი, არც მანდ მიცნობდა არავინ და მომიწია ძალიან დიდი ივენთის ჩატარება აჭარა მუზიკ ჰოლში. 2009 წლის აგვისტოში პირველად დავუკარი ქართული სიმღერა, თუ ზუსტად მახსოვს ‘’სახე’ს სიმღერა იყო - „დიდხანს გელოდი“. დაახლოებით 1000 კაცამდე იყო და ძალიან მეშინოდა ხალხის რეაქციის, რადგან საქართველოში დიჯეინგი ჩარჩოებშია მოქცეული. დღესაც ფიქრობენ რომ მარტო ტექნო უნდა დაუკრა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ დარბაზი რომ ამყვა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს, პლიაჟზეც დავდიოდი და ხალხსაც მე ვაგროვებდი, ბოლოს კი ვუკრავდი და ვცეკვავდი სცენაზე. ბევრი ისეთი რამ იყო, რამაც უპირატესობა მომცა და დამეხმარა ერთ წელიწადში მეთქვა ჩემი სიტყვა. თბილისში რომ დავბრუნდი, უკვე ისეთი კლუბები მთავაზობდნენ თანამშრომლობას, რომლებიც ადრე არც მიშვებდნენ, პლიუს დიჯეი გბლოკავდა, ასე ხდება-ხოლმე, ახლა კი ჩემთვის ყველა კლუბის კარი გაიხსნა. ერთ-ერთი იყო ბამბა რუმსი, მერე უკვე წამოვიდა და წამოვიდა. დღეს მქვს ასეთი ბრენდინგი „თუ გართობა გინდა, იქირავე რემბო“.

დროსი უქონლობის გამო ახლა უკვე თითქმის არ ვჩანვარ კლუბებში, მარტო იანვრის თვეში 15 კორპორატიული ივენთი მქონდა,  ეს ძალიან ბევრია.

- საიდან მოდის სახელი „რემბო“?

- 2004 წელს მაღლივში ვსწავლობდი, ვიყავი ცოტა ფეთქებადი ხასიათის, მაისურიც მიყვარდა ეგეთი და უნივერსიტეტის მეგობრებმა შემარქვეს, მე კი ბრენდად ვაქციე. დღეს თუ რემბოს ახსენებ, ან სტალონე ახსენდებათ, ან მე. მეშინოდა როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. ყველას დიდი, ახოვანი, კუნთიანი წარმოედგინა და უცებ, მე გამხდარიიz, უკვე დასამახსოვრებელი ვიყავი. ერთხელ თუ სცენაზე მნახავდნენ, ვახერხებდი რომ მის გონებაში დავრჩენილიყავი. ვინც ჩემს ივენთზე მოდიოდა, არ არსებობს გართობის გარეშე წასულიყო.

- რას საქმიანობს კომპანია და რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

- 2010 წლიდან, ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილოება, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბერას ტურნე. ამის მერე ბევრი მეკითხებოდა, ეს სად ვიშოვო, ის სად ვიშოვო, ვეუბნებოდი მე მოვიყვან, გაწყობს, 2012 წელს უკვე მივხვდი, რომ მქონდა რესურსი და უკვე დავიწყე ჩემს მეგობრებთან ერთად. მყავს 10 თანამშრომელი, 8 სისტემატიურად, 2 დამატებით. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც დღესასწაულის ორგანიზებას ჭირდება. ყველაზე კარგად რაც გამოგვდის, ეს არის ქორწილების ორგანიზება. ჩვენთან მოდიან, ირჩევენ და ჩვენ ვუსრულებთ ყველაფერს. ასევე ვაკეთებთ კორპორატიულ ღონისძიებებს. ვგეგვავთ, ჩვენვე ვწერთ სცენარს და ვაკონტროლებთ თავიდან ბოლომდე. რადგან მომსახურების სფეროში 2007 წლიდან ვარ, ძალიან კარგად მესმის. მომსახურების. მაქვს ენერგია და არ მეთაკილება მუშაობა. მთავარია, რომ ჩემი დამკვეთი იყოს კმაყოფილი. ასევე გვაქვს გაქირავების სისტემა, აპარატურა, ინვენტარი, სკამები, მაგიდები. კიდევ ვაპირებთ შეძენას და მივდივართ წინ, როგორც მყარი ივენთკომპანია.

- როგორია სამომავლო გეგმები?

- ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ივენთ-კომპანია მინდა ვიყო, რომელიც ყველა სეგმენტზე იმუშავებს. ნომერ პირველს ვერ ვიტყვი, რადგან პირველობა ძალიან რთულია. დღესდღეობით ძალიან რთულია საშუალო ფენის ადამიანისთვის ივეთკომპანიის აყვანა. უნდათ და ვერ აყავთ, რადგან ძვირია, მე მინდა ეს ხელმისაწვდომი გავხადო, ადამიანი ათ ლარს გადაიხდის თუ 1000-ს, ორივე იყოს კმაყოფილი. ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ ცუდი და უხეში. საქმეს ისიც ართულებს, ყველა დაბადებიდან ორგანიზატორია, ყველამ ყველაფერი იცის. (აქ იცინის)

რადენიმე მეგობარი უცებ გახსნის კომპანიას, ფასებს აგდებენ, მერე ვერ ქაჩავენ და იხურებიან. მე მინდა შევქმნა ისეთი რამ, რომელიც ყველათვის ხელმისაწვდომი იქნება.

 - უხეშად რომ ვთქვათ, რა ჯდება ერთი ივენთის ორგანიზება?

- უხეშად რომ ვთქვათ, პროექტის ღურებულების 5 დან 15 პროცენტამდე. ჩვენ ვმუშაობთ როგორც დიდ, ისე პატარა პროექტებზე. როცა ქორწილი ნახევარი მილიონი ჯდება, 6 თვით ადრე ვიწყებთ მუშაობას. გვჭირდება მეტი პერსონალი, ამიტომ შედარებით მეტია, მაგრამ გვქონია 30 000-იანი ქორწილებიც. აგვიღია როგორც 20000. ისე 30 000-ც. პირდაპირ ვერ იტყვი, ანაზღაურება დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე და მომსახურე პერსონალის რაოდენობაზე.

- რა ხდება „რემბოს“ პირად ცხოვრებაში?

- ყველაზე საინტერესო რამ ახლა ხდება „რემბოს“ ცხოვრებაში, იმიტომ რომ  ცოლი მოვიყვანე და მყავს პატარა მაშო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი შეხედულებები ცხოვრებაზე. ადრე თუ რაღაცას ვაკეთებდი ათ საათში, ახლა ვაკეთებ ორ საათში. ზედმეტ დროს არ ვკარგავ არაფერზე, მაშოს გამო მიწევს გაღვიძება დილის 7 საათზე. ძალიან დიდ დროს ვატარებ სახლში, მიუხედავად გრაფიკისა. ახლახანს ბაკურიანში მყავდა, ადრე ვდგებოდი და გამყავდა სასეირნოდ. ოჯახი ჩემთვის უპირველესია და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაზე მეტი დრო დავუთმო. ჯერჯერობით ვახერხებ.

- ძალია ბევრი ახალგაზრდა იწყებს და ნებდება. რას ურჩევ მათ, ვინც ნულიდან იწყებს?

- გვერდიდან ყველას ყველაფერი ადვილი ჰქონია, მაგრამ როცა ბიზნესს იწყებ, საკმაოდ რთულია. მთავარია, როცა მიზანი გაქვს, არასდროს გაჩერდე. ძალიან ბევრი შეცდომები მქონია ადრე, მაგრამ მეორედ იმ შეცდომებს არ ვიმეორებდი. თუ უცებ რაღაც არ გამოგივა და ყურებს ჩამოყრი, ე.ი. სუსტი ხარ, ზოგი აბრალებს ბედს, ზოგი რას, ზოგი რას, მაგრამ მთავრი მიზანია.

 

ძალიან ბევრ ადამიანს ვენდე, ძალიან ბევრჯერ გადავუგდივართ, ფული არ მოუციათ, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია.

სულ ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო, წელიწადში ხუთ-ექვს ტრენინგზე დავდივარ. ციფრული სამყარო ძალიან იცვლება, ახალი აპარატურები შემოდის და არ მინდა რამეს ჩამოვრჩე.

როცა დიჯეობა მინდოდა, ჩემ მშობლებს ფული არ ჰქონდათ. 200 ლარი იყო ყოველთვიურად გადასახდელი. მე მივდექი-მოვდექი, ეს გავყიდე, ის გავყიდე და საწყისი განათლება მივიღე. ჩემ მშობლებს სჯეროდათ და არავის არაფერი აუკრძალავს. დიჯეობა  რომ დავიწყე, ვიცოდი რომ ძალიან რთული იყო, არ გაკვრევინებდნენ თუ ნაცნობი არ გყავდა. დავიწყე და მიზანი იყო რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გავმხდარიყავი. ყველა ღონისძიებიდან ვაგროვებდი ფულს და არასდროს უაზროდ არ ვხარჯავდი. პირველი 200 დოლარით ყურსასმენები ვიყიდე, მერე აპარატურა, მერე ეს აპარატურა გავაქირავე, მერე მივხვდი რომ მანქანა იყო საჭირო. ასე დაიწყო და არ გავჩერდი. ეს ბრძოლაა, ომია ჩვეულებრივი. ბევრი მეგობარი იყო ჩემს გვერდით, მაგრამ დაიღალნენ და გაჩერდნენ, მე არ გავჩერდი და მივაღწიე.

- და ბოლოს, რას ეტყვით საზოგადიებას?

- იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით, საერთოდ არ არის არაფერი ზედმეტი საჭირო, არც დასალევი, არც მოსაწევი. ასე ცხოვრება უფრო კარგი გახდება.

დაისახეთ მიზნები, ყველაფერი გააკეთეთ რომ ამ მიზანს მიუახლოვდეთ. ყოველთვის მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე.

წარმატებებს გისურვებთ.