რატომ ანიჭებს თორნიკე ოქრიაშვილის ცოლი უპირატესობას დიასახლისობას

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება და მეორე ნახევრები, მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ყველას აინტერესებს თუ როგორ ცხოვრობენ და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს. HImagazine შეეცადა მცირედით მაინც დააკმაყოფილოს თქვენი ცნობისმიყვარეობა, ამიტომ დღეს ჩვენი სტუმარი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე ლიკი მუზაშვილი იქნება.

ლიკი 26 წლისაა და ამჟამად მთელ თავის დროს ოჯახსა და შვილებს უთმობს. ორი შვილის დედის ძირითადი საქმეც სწორედ ოჯახზე ზრუნვაა, თავისუფალ დროს კი ხატვას უთმობს.

- მოგესალმებით ლიკი, დავიწყოთ თქვენი საქმიანობით, რატომ გადაწყვიტეთ არ გემუშავათ და მთელი დრო ოჯახისთვის დაგეთმოთ?

- ამჟამად ჩემი ძირითადი სტატუსი დედა და დიასახლისია. ვფიქრობ, რომ ამჟამად მთელი ჩემი ენერგია ჩემს ოჯახს სჭირდება. სახლში პირველი ყოველთვის მე ვიღვიძებ, მერე ვცდილობ გავაღვიძო თორნიკე და ბავშვები. ბავშვებს ძილი უყვართ, ამიტომ ეს ცოტა რთული პროცესია. მიმყავს ბაღში, თორნიკე კი მიდის ვარჯიშზე. დღეში რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი დრო და ვცდილობ მეც ვივარჯიშო. საღამოს, როცა თორნიკე ადრე ბრუნდება სახლში, ბავშვებთან გავდივართ სასეირნოდ, ძირითადად გასართობ ცენტრებში, სადაც ყველა ერთად ვერთობით.

- რა დროს ატარებს თორნიკე სახლში და როგორ ეგუებით როცა ის ქვეყნიდან გადის?

- საკმაოდ დიდი დროს ატარებს სახლში, მხოლოდ „ზბორებზე“ უწევს ქვეყნიდან გასვლა, მინიმუმ ერთი თვე, მაგრამ ყოფილა პერიოდი, როცა რამდენიმე თვეც წასულა და ეს დრო საკმაოდ რთული იყო. ახლა რეაბილიტაციის ეტაპზეა და მაქსიმალურად ცდილობს კონცენტრაცია მხოლოდ ამაზე მოახდინოს. მეც და ალბათ ყველა მის მოედანზე დაბრუნებას ელოდება.

- გიყვერთ თუ არა ფეხბურთი და რამდენად ხშირად ესწრებით მეუღლის თამაშებს?

- ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით თუ თოკო თამაშობს. თითქმის ყოველთვის ვესწრები თუ გვიან არ არის და ბავშვების გამო ვერ ვახერხებ.

- რთულია თუ არა ცნობილი ადამიანის ცოლობა და როგორი შეგრძენებაა, როცა თქვენ აგირჩიათ მამაკაცმა, რომელსაც შორიდან უამრავი გოგო ეტრფის?

- ალბათ სასიამოვნოა J თუმცა ასეთ რამეზე არასდროს მიფიქრია. რაც შეეხება ცნობილი ადამიანის ცოლობას, რა თქმა უნდა რაღაც მხრივ რთულია, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ უამრავი ადამიანისგან ვიღებ სიყვარულს და მხარდაჭერაც, რაც ძალიან მაბედნიერებს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები კარიერასთან დაკავშირებით?

- სიმართლე გითხრათ, კარიერულ გეგმებზე ამ ბოლო დროს ვფიქრობ, მაგრამ არც ისე ბევრს, რადგან ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი ახლა, ჩემი შვილის, ალექსანდრეს, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლაა. ის წელს სკოლაში მიდის.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ დედამთილთან, გეხმარებათ თუ არა ბავშვების აღზრდაში?

- სიტყვა „დედამთილი“ სულ მეუცხოება-ხოლმე. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა მეხმარება, ჩემი შვილების აღზრდაში ყველა ჩართულია.

- რამდენად ცდილობთ მოდას აყვეთ, გამოარჩევთ თუ არა რომელიმე ბრენდს, ანიჭებთ თუ არა ჩაცმულობას უპირატესობას?

- რომ ვთქვა ეს მოდაშია, არ მომწონდეს და მაინც გავხდე მომხმარებელი, არასოდეს. ჩაცმულობას არ ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ახლის შეძენა მიყვარს, რადგან ამ დროს სულ კარგ ხასიათზე ხარ J ამოჩემებული ბრენდიც არ მაქვს.

- ყველაზე დასამახსოვრებელი სიურპრიზი მეუღლისგან...

- თოკო ძალიან კარგი მამა და მეუღლეა, ძალიან ყურადღებიანი. არ არსებობს რამე დღე გამორჩეს და საჩუქარი არ მომიტანოს, თუმცა ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ცემთვის ყველა მათგანი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია.

- და ბოლოს, როგორც ვიცით ხატავთ, რა დროს უთმობთ და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ხატვას ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო ვერთობი ჩემთვის და თან ახალს ვსწავლობ. ძალიან მსიამოვნებს ამის კეთება, ცოტა დროს ვუთმობ, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისია.