ევროპული განათლება საქართველოში და ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე

იოსებ სიხარულიძე - ინტერვენციული კარდიოლოგი. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, 2006 წლიდან გახდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების არჩეული სტიპენდიანტი, სამი წელი სწავლობდა ინტერვენციულ კარდიოლოგიას ავსტრიაში. 2009 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 2010 წლიდან მუშაობს ბათუმში, ამჟამად საქართველოს გულის ფონდის აჭარა-გურიის წარმომადგენელია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. თავისუფალ დროს უთმობს ჰობს - მეღვინეობას. თუ რატომ აირჩია კარდიოლოგია, რატომ დაბრუნდა საქართველოში, რა მიღწევებია ზოგადად ამ სფეროში და რას ფიქრობს სამედიცინო განათლების დონეზე საქართველოში, ამ და სხვა საკითხებზე ის HImagazine - ს ესაუბრა.

- პირველ რიგში მოგვიყევით თუ რატომ აირჩიეთ ესოდენ საპასუხისმგებლო პროფესია?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან მინდოდა არქიტექტორი გამოვსულიყავი და სამხატვრო აკადემია დამემთავრებია. ეს იყო 1993 წელი, მაშინ წყდებოდა თუ რა მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ ოჯახის, განსაკუთრებით კი მამაჩემის ბიძაშვილის გადაწყვეტილებით, წავედი მედიცინაში. შემდგომში ყველაზე მეტად დავუახლოვდი კარდიოლოგებს და მათთან ურთიერთობის გავლენით, გადავწყვიტე გავმხდარიყავი კარდილოგი. ამ გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ჩემი კარიერის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, მათ შორისაა ჩემი მეუღლეც, რომელიც ასევე კარდიოლოგია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა პატივცემული პროფესორის მერაბ მამაცაშვილის წვლილს, მან ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა, რათა შესაბამისი განათლება ევროპაში მიმეღო.

პროფესორი ჰელმუტ ბაუმგარტნერი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების სარქვლოვანი პათოლოგიების საბჭოს პრეზიდენტი

- სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც ევროპულ განათლებას ღებულობს, სამშობლოში იშვიათად ბრუნდება. გიფიქრიათ კარიერის ევროპაში გაგრძლებაზე და რატომ აჭარა?

- საზღვარგარეთ არასდროს წავსულვარ იმისთვის, რომ არ დავბრუნებულიყავი. იმთავითვე განსაზღვრული მქონდა, რომ მიმეღო განათლება და უკან დავბრუნდებოდი. ჩემი აჭარაში წასვლა ერთმა ფაქტორმა განაპირობა, 2010 წლამდე შესაბამისი ოპერაციული კარდიოლოგია არ არსებობდა. 2010 წლიდან ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად ჩემი შეკრებილია, მოვახდინეთ ოპერციული კარდიოლოგიის დანერგვა. აჭარა-გურიის ტერიტორიაზე ეს არ არსებობდა და საჭირო იყო, რადგან 2009 წლის მონაცემებით, ე.წ. საავადმყოფოში სიკვდილიანობა წელიწადში 300-400 პაციენტი იყო. 2011 წელს კი 32 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს რასაკვირველია ეს სერვისები უკვე განვითარდა. ვფიქრობ, რომ ჩემი აჭარაში წასვლა, ჩემთვისაც და რეგიონისთვისაც საჭირო და აუცილებელი იყო. ვცდილობთ დავნერგოთ ევროპული განათლება, რის განახლებასაც მე ყოველ წელიწადს ვახერხებ ავსტრიასა და გერმანიაში. ყოველ წელიწადს დავდივარ და თვენახევარს ვატარებ იქ, რათა ყოველი ახალი მიმართულება ავითვისოთ და ჩამოვიტანოთ საქარველოში.

3 წელი ავსტრიის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტთან პროფესორი პეტერ სიოსტრცონეკთან

- ზოგადად რა დონეზეა ეს მიმართულება საქართველში?

- არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი რომ კარდილოგია სხვა დარგებთან შედარებით, საუკეთესო მდგომარეობაშია. დღეს საქართველოში კარდიოლოგიური პრობლემით ადამიანებს მიეწოდებათ, იმ ხარისხის სამედიცინო სერვისები, რაც შესაძლებელია აღმოსავლეთ ევროპაში მიიღონ. ამ მხრივ საკმაოდ კარგად ვართ წასული და ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ და შესაბამისად, დასავლურ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ჩვენ ვერ მოვიცავთ, არსებობს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციები, რომელსაც საქართველოში ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ალბათ, ხვალ და ზეგ ამის დროც დადგება. ვერ ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სიდუხჭირის გამო, რადგან დაახლოებით 80 000 ლარამდე ღირებულების ოპერაციებზეა საუბარი, რასაც ადამიანები ჯერჯერობით ვერ უკეთებენ საკუთარ თავს. ვიმედოვნებთ, თანდათან ეს ოპერაციები გაიაფდება და ჩვენ მოვახერხებთ საქართველოში მის ჩატარებას. ბაზა გვაქვს, ექიმების დეფიციტიც არ გაგვაჩნია, არსებობს ორი-სამი საკმაოდ ძლიერი ინტერვენციული კარდიოლოგი, ვისაც მსგავსი ტიპის ოპერაციის ჩატარება შეგვიძლია. საუბარია, ე.წ. სარქვლოვან ოპერაციებზე, რომელიც ადამიანის გაჭრის, გულ-მკერდის გახსნის გარეშე ტარდება. დღესდღეობით, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ორად-ორი ოპერაციაა მსგავსი ჩატარებული, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. ეს ოპერაციები დაახლოებით 75 წლიდან ზევით ასაკის პაციენტებს უტარდებათ, ვისთვისაც ღია ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდირებული.

- რამდენად ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა ახალგაზრდებში?

- საკმაოდ ხშირია. განსაკუთრებით კი მიზეზი ქართული ცხოვრების სტილია, რომელიც რაღაც კუთხით კარგია, რაღაც კუთხით კი ცუდი.  ვსაუბრობ ნაკლებადმოძრავ, ნაკლებადსპორტულ, ადინამიურ ცხოვრების რიტმზე, სუფრული ცხოვრების წესზე, რაც მიოკარდიული ინფაქტის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. დაახლოებით 30 წლიდან, ჩვენ უკვე რისკჯგუფებში შევდივართ.

პროფესორი ლარს ზონეგაარდი. ევროპის სტრუქტურული ინტერვენციული კარდიოლოგიის პროქტორი

- მოდით ვურჩიოთ მკითხველს, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ პრევენცია?

- პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ ჩვენ, რა გენეტიკური წარმომავლობიდან მოვდივართ. უნდა ვიცნობდეთ ოჯახის წევრების მდგომარეობას. თუ რომელიმე წევრს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ჰქონდა მიოკარდიული ინფაქტი, დაახლოებით 25%-ა რისკი იმისა, რომ დაახლოებით იგივეს უნდა ველოდოთ ჩვენც. თუ ჩვენ ვიცით გენეტიკური მონაცემები, შემდეგ უკვე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ამ გენეტიკურ მონაცემებს არ მიეცეს გამოვლენის საშუალება. როგორ? - არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი, ალკოჰოლი მივიღოთ ზომიერად, არ გვქონდეს ჭარბი წონა, ვიცხოვროთ სპორტული ცხოვრებით, ბევრი ვისეირნოთ, უნდა შევეცადოთ, ცუდი საკვები პროდუქტები, როგორიც არის ქოლესტერინის ჭარბი შემცველობის, მივიღოთ ნაკლებად. ეს არის პრევენცია იმისთვის, რათა არ დაგვემართოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ათეროსკლეროზი, მიოკარდიული ინფაქტი, ინსულტი და ა.შ. თუ გენეტიკაში არ გვაქვს, რისკიც ნაკლებია.

პროფესორი ანტონიო კოლომბო

- თქვენი მონაცემებით, რა ჯდება ამ კუთხით ჯანმრთელი ცხოვრება საქართველოში?

- მოდით ვთქვათ ასე - ვის და რომელ ასაკში. პირველადი პრევენციაა - არ დაგვემართოს! ეს არის ფინანსურად ყველაზე იაფი და მომგებიანი გზა. კერძოდ, არ მოვწიოთ სიგარეტი, შესაბამისად, არ გვექნება ხარჯიც. ვიაროთ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით, არც ამას აქვს ხარჯი, თუ არ ჩაავთვლით ფიტნეს კლუბებს. ძალიან კარგია, რომ ფიტნესი საკმაოდ მოდური გახდა და არც ეს არაა ძვირი დანახარჯი. რესტორნებში ნაკლებად ვიაროთ, ესეც ნაკლები ხარჯია და თუ მაინც ვივლით, მივიღოთ მცენარეული საკვები და ნაკლებად ხორცეული და ცომეული. ეს ეტაპი ყველაზე მომგებიანია და გაცილებთ იაფი უჯდება როგორც კონკრეტულ პიროვნებას, ისე სახელმწიფოს. რაც შეეხება მეორე ეტაპს - დაგვემართა და მეორედ არ დაგვემართოს, ამის პრევენცია შედარებით ძვირადღირებულია. მე ხშირად მიძნელდება-ხოლმე ბოლომდე მივყვე, განსაკუთრებით ხელმოკლე პაციენტებს, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ბოლომდე არასდროს არ იკურნება. თუ დაგემართა, ნიშნავს იმას, რომ სანამ იცოცხლებ, ეს დაავადება თქვენს ორგანიზმში იქნება, არ გამეორებისთვის კი საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს კალათა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას შეეხება, საკმაოდ ძვირადღირებულია. თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბედი და დამატებით აქვს გულის იშემიური დაავადება, ხარისხიანი მედიკამენტის შესაძენად, თვიური დანახარჯი 300 ლარამდეა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს შეუძლია მხოლოდ მედიკამენტებისთვის საკუთარ თავზე 300 ლარის დახარჯვა?! ამ თვალსაზრისით სახელმწიფო გარკვეულწილად ზრუნავს, სოციალურად დაუცველებს აძლევენ მედიკამენტებს ერთ ლარად, ახლა მიდის მუშაობა პენსიონერებზეც მოხდეს იგივე. ამიტომ, აუცილებლია ვიფიქროთ პირველად პრევენციაზე, რადგან თუ დაგვემართა, მოვლა საკმაოდ ძვირი გვიჯდება.

- როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი და ინფაქტის ნიშნები?

- დიაბეტი არის ორი ტიპის, პირველი და მეორე ტიპის, ამ ეტაპზე ვისაუბრებ პირველად დიაბეტზე. როგორ მივხვდეთ? - ეს არის პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, ჭარბი წონა, ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მივმართოთ ექიმს და განისაზღვროს შაქრის რაოდენობა ორგანიზმში. ინფაქტის ნიშანია არის ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ გული არის მარცხენა ძუძუს ქვეშ, მაგრამ ტკივილი არის მკერდის ძვლის უკან, ეს არის ტიპიური ნიშანი მიოკარდიული ინფაქტის. გარდა ამისა ინფაქტის ნიშნებია კუჭის ტკივილი, მხრების ტკივილი, ქვედა ყბის ტკივილი, რომელიც გადაცემადია. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ ტკივილი მატულობს დაძაბულობის, სირბილის, დაღლის დროს. მოძრაობის დროს ტკივილი მატულობს, გაჩერების დროს იკლებს, თუ ასე გრძელდება 15 წუთი, რომ მიოკარდიული ინფაქტი ყალიბდება, რაც გამოწვეულია სისხლძარღვის დახურვით. უნდა მოხდეს სისხლძარღვების სწრაფი გახსნა.

-შესაძლებელია თუ არა პირველადი დახმარება სახლის პირობებში გაეწიოს?

- რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა. პაციენტმა უნდა მიიღოს ნახევრადმჯდომიარე, მოსვენებითი მდგომარეობა, თუ საშუალებას იძლევა არტერიული წნევა, ნიტროგლიცერინის აბი ან სპრეი უნდა გამოიყენის და აუცილებლად გამოუძახოს სასწრაფო დახმარების ჯგუფს.

- რომელ სქესში უფრო ხშირია ინფაქტი?

- ადრე მამაკაცებში უფრო ხშირი იყო, მაგრამ ახლა ეს ზღვარი არ არსებობს. განაპირობა მწეველობის სიხშირემ, ჭარბმა წონამ. უნდა ითქვას, რომ 45 წლამდე, მამაკაცები ჭარბობენ, 45 წლის მერე, როცა უკვე იწყება მენოპაუზა ქალბატონებში, იქ უკვე თანაბარია გამოვლენა.

- ჯანდაცვის სამინისტრო რამდენად გიწყობთ ხელს?

- აჭარაში უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე სხვები, რადგან აჭარას თავისი ჯანდაცვის სამინისტრო აქვს, რომელსაც მიზნობრივი პროგრამები გააჩნია, ამიტომ აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას კარდიოლოგიური ტიპის ჩარევები უფინანსდებათ. რაც არ ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვა ფარავს.

- მივუბრუნდეთ განათლების თემას. თქვენ აღნიშნეთ, რომ პროფესიის არჩევაზე გავლენა ოჯახმა მოახდინა. უნდა ერეოდნენ თუ არა მშობლები შვილების გადაწყვეტილებაში?

- რა თქმა უნდა ანგარიში უნდა გაეწიოს ადამიანის სურვილს, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენად შეესაბამება მისი სურვილი შესაძლებლობებს. ალბათ აუცილებელია ვიმსჯელოთ შვილებთან ერთად და ერთადვე ჩამოვყალიბდეთ რომელი პროფესია სჯობს. შეიძლება ხელი მოგვეცაროს და აღმოჩნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა არასდროს არ არის გვიან. აუცილებელია გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება, სადაც პროფესიის არჩევაში არათუ ოჯახი, არამედ სახელმწიფოც ერთვება. სახელმწიფო აქვეყნებს სიას თუ რა ტიპის პროფესიები ესაჭიროება მას. მაგალითად, შეიძლება თქვას რომ წელს სამედიცინო მიმართლებით არ სჭირდება, მაგრამ მოითხოვოს სოფლის მეურნეობის მუშაკი და იძლევა გარანტიას რომ ისინი აუცილებლად დასაქმდებიან. დღესდღეობით საქართველოში სახელმწიფო არ გვეხმარება არჩევანის მიღებაში და ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონ, ბაზრის შეუსწავლელად, მოწონებების და ერთი შეხედვით მოწონების საფუძველზე ვღებულობთ გადაწყვეტილებას. არ ვფიქრობთ იმაზე, მაგალითად 7-8 წლის შემდეგ მედიცინაში, რომელიც არის უწყვეტი განათლების სფერო, დაახლოებით 12 წლის შემდეგ დასჭირდებათ თუ არა კადრი, ამიტომ, ჩემი აზრით, ერთია მსჯელობა მშობელსა და შვილს შორის და მეორე სახელმწიფოს როლი.

სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, სამწუხაროდ, არ მომწონს მიდგომა, რომელიც დღეს არსებობს აბიტურიენტებთან მიმართებაში.არ შეიძლება ერთდროულად სტუდენტმა განაცხადი შეიტანოს მედიციანაზე, სოფლის მეურნეობაზე, არქიტექტურაზე. მედიცინა ეს ისეთი სფეროა, რისთვისაც აბიტურიენტი უნდა მოემზადოს. უნდა იცოდეს ქიმია, ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ის უნდა მოემზადოს და მიდგომა თუ ვერ მოვხვდები სამედიცინოზე, მოვხვდები არქიტექტურაზე, არასწორია.

ჩვენ გვჭირდება კარგი პოსტდიპლომური განათლება, სამედიცინო განათლების შემთხვევაში. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ხარვეზი, საქართველოში ჩვენ ეს არ გაგავაჩნია. ამიტომ აუცილებელია მივიღოთ ექიმთა განათლებისა და პოსტდიპლომური განათლების კარგი ცენტრები. მეორე ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენი ექიმების ფორმას, არიან თუ არა კარგ ფორმაში. ამის კონტროლი ჩვენ არ გაგვაჩნია და მხოლოდ ცუდი შემთხვევის შემდეგ ხდება შესწავლა და რეგულირების სამსახური მერე ერთვება ამ ყველაფერში. ამ თვალსაზრისით ბევრი გვაქვს სამუშაო. ექიმთა დახელოვნება საქართველოში არ ხდება. სად ღებულობს ქართველი ექიმი პოსტდიპლომურ განათლებას? - რა თქმა უნდა საზღვარგარეთ. ჩვენ, ვისაც შეგვიძლია ეს, ვახერხებთ. ამ თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის პროცესი საკმაოდ პოზიტიური იყო, ქართველ სტუდენტებს უკვე გზა აქვთ გაზხსნილი. ამავე დროს ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ამ ხალხის გასვლა და მათი დაბრუნება სამშობლოში. ძალიან დიდი რაოდენობის კარგი კვალიფიკაციის ექიმები გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ გამოცდილებას ვერ ვიყენებთ. ჩვენ შეგვიძლია მათი გამოცდილების გამოყენება და სამშობლოში დაბრუნება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა. გვაქვს წარმატებები, მაგრამ უფრო ბევრია საჭირო, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო ჩვენი ქყვეყნის სადარაჯოზე, არამედ რეგიონის მასშტაბით. სამწუხაროდ ჩვენ ლიდერი ბევრ რამეში დიდი ხანია აღარა ვართ.

- ყველაზე ხშირად დასმული კითხვები?

- რა ღირს მკურნალობა, რამდენი დამიჯდება? სამწუხაროდ ესაა მთავარი კითხვა. მამაკაცებში მეორე კითხვად მოდის, თუ შეიძლება დალევა. ევროპაში გვეკითხებიან რამდენ ხანს იცოცხლებენ, ქართველები კი დალევას რამდენ ხანში შეძლებენ.

- რომელი იყო ყველაზე სტრესული ოპერაცია და გქონდათ თუ არა ჩავარდნები?

- მედიცინა ერთ მხრივ ძალიან დიდი პოზიტივია, როცა მყისიერ შედეგს ნახულობ, როცა შენი მკურნალობის შედეგად პაციენტი შეიძლება სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას, ეს ძალიან დიდი პოზიტივია, მაგრამ არსებობს ამავე დროს დიდი სიმწარეებიც, რომელიც ყველა პრაქტიკოს ექიმს გააჩნია - წარუმატებლად დასრულებული ოპერაციები, როცა ვერ იმარჯვებ. არის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება და ამავდროულად ძალიან დიდი სტრესიც. ჩემი ყველზე სტრესული ოპერაცია, ეს იყო დედაჩემის ოპერაცია, როცა მხოლოდ მე აღმოვჩნდი, ვინც ოპერაციას ჩაატარებდა, მადლობა ღმერთს გადარჩა, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. ამიტომ ყველა, ვისაც ექიმობა უნდა ამისთვის მზად უნდა იყოს, 24 საათი, 7 დღე კვირაში.

რა თქმა უნდა მქონია ჩავარდნებიც. არ არსებობს ექიმი, რომელსაც ჩავარდნა არ ქონია, არც აქ და არც მსოფლიოს მასშტაბით. კარგი ექიმი ვინ არის? - ვისაც ყველაზე ნაკლებ პროცენტული მაჩვენებელი აქვს ჩავარდნის. მედიცინა იქითკენაა მიმართული, რომ ექიმმა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას, ექიმის შეცდომით პაციენტები არ უნდა იღუპებოდნენ. პაციენტს არ უნდა მიადგეს ზიანი. ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, რომ თუ მოხდა შეცდომა, ის არ განმეორდეს. ჩვენთან არის ასეთი რამე, ექიმის შეცდომა არ არის დასჯადი, მაგრამ ექიმის გულგრილობა დასჯადია. ამას სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ითვალისწინებს. უშვებენ ექიმები შეცდომებს? - რა თქმა უნდა, ამერიკაშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც.

- დაახლოებით რამდენი ჩარევა გაქვთ გაკეთებული გულზე?

- 10 000-ზე მეტი.

- და ბოლოს, რა როლს თამაშობს მეუღლე თქვენს ცხოვრებაში და სად გაიცანით ის?

- მეუღლე, კარდიოლოგია. მე და ჩემი მეუღლე, ერთად ვმუშაობდით სასწრაფო დახმარების ბრიგადაში. მეუღლე ჩემი ექიმი იყო, მე მისი ექთანი. აქედან ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. მერე ავსტრიაში ერთად წავედით, ის სისხლძარღვთა მიმართულებით მუშაობდა, მე კარდიოლოგიის. პირველი შვილი ავსტრიაში დაიბადა. ჩვენ ერთმანეთს  ვავსებთ და ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ. ექიმების ოჯახად ჩამოვყალიბდით, გვინდა რომ შვილებიც ექიმები იყვნენ, ერთი 7 წლისაა, მეორე 9, მაგრამ ვნახოთ. ექიმობისთვის ნებისმიერი ადამიანი მზად უნდა იყოს, არ არსებობს მდგომარეობა როცა შენ არ ხარ ექიმი, 24 საათი, კვირაში 7 დღე. მეგობრებში ნათესავებში, სადაც არ უნდა იყო, ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოს დაეხმარო ადამიანს, შენ სულ ექიმი ხარ.

 

ირინე არდაშელია